კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი

გამომცემლობა

|




წინასიტყვაობა

ეს იყო შენობა, რომელსაც სახურავი არ ჰქონდა. ახლა ეს სახურავიც გამზადდა .ამ შენობას კრიტიკული მედიცინა ჰქვია. მე მას ოცდაათ წელზე მეტი ვაშენებდი საქართველოსათვის. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მას რეანიმატოლოგიად, ხოლო ევროპის ქვეყნებში ინტენსიური ზრუნვის მედიცინად მოიხსენიებენ. კრიტიკული მედიცინა უაღრესად ძვირადღირებული სამსახურია. ეს არის ფუფუნება იმ ქვეყნისათვის, რომლის მედიცინაშიც უპირატესად შეზღუდული რესურსების მედიცინის კანონები მუშაობენ. საჭირო იყო ამ კანონების მოძებნა და მათი საქართველოსათვის ამუშავება. დღეს ეს უკვე შემდგარი აქტია. მაგრამ ის ჯერ კიდევ მიუწვდომელია საქართველოს მსგავსი ღარიბი ქვეყნებისთვის, რომლებშიც დედამიწის მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს. ამ თვალსაზრისით საქართველოს მაგალითი გამოსადეგი იქნება მათთვის. ეს შანსს მისცემს ამ ქვეყნებში მცხოვრებ ექიმებს მილიონობით ადამიანის გადასარჩენად, რომელიც არ ჩანდა აქამდე. ეს აგრეთვე საჭიროა კატასტროფების და სამხედრო კონფლიქტების კერაში მომუშავე ექიმებისათვის, რადგან რესურსების დეფიციტს ისინიც განიცდიან. ეს ასევე გამოსადეგია განვითარებული ქვეყნების ექიმებისთვისაც, რადგან რესურსების მომჭირნეობით ხარჯვასთან ერთად, მასში მკურნალობის უახლესი ტექნოლოგიებიცაა მოტანილი.
თუმცა ამ გზაზე არ იყო ხელშეწყობა. უფრო მეტიც: წარსული, აწმყოს მსგავსად, ყოველდღიური ბრძოლა იყო. ამ ბრძოლის ცალკეული ფურცლები 75000-ზე მეტი კრიტიკული ავადმყოფის მკურნალობას მოიცავს, რომელთაგან 56000-ზე მეტი სიცოცხლეს დაუბრუნდა, რაც მთელი ქალაქია. ეს გამოცდილება კი უჩვენებს, რომ კრიტიკულ ავადმყოფთა მკურნალობის სწავლა ამ ქალაქის მხოლოდ ერთ ადგილასაა შესაძლებელი. ეს ადგილი კი ავადმყოფის საწოლია. ასე რომ ამ გზაზე შემდგართ, შესაძლოა ვურჩიო მხოლოდ ერთი _ ავადმყოფთან ყოფნა.
არის მეორე რჩევაც: ექიმობა შემოქმედებითი ელფერის მატარებელი პროფესიაა და მხოლოდ სხვისი ცოდნის შესწავლით შეუძლებელია ექიმად შედგომის ფაქტის დადასტურება. ამისათვის თვითონაც უნდა შეიტანო წვლილი კოლექტიური ცოდნის ამ საგანძურში. მე შევქმენი ტერმინები: "კრიტიკული მედიცინა", ”სიკვდილის იმუნოლოგია”, ”კრიტიკული მედიცინა შეზღუდული რესურსების დროს”, “ქვეცნობიერის მართვა კრიტიკულ მდგომარეობათა დროს”, ”ნანოტექნოლოგია კრიტიკული მედიცინის სამსახურში”, “ახალი სიცოცხლე’, “ახალი სიკვდილი“ და სხვები. თავისთავად ცხადია ამ მიმართულებების მეცნიერული კვლევებიც ჩემს მიერაა დაწყებული პირველად და ამ სფეროს მიკუთვნებული კრიტიკულ ავადმყოფთა სადიაგნოზო და სამკურნალო მეთოდებიც ჩემს მიერაა შექმნილი.მათ შორის: “სიცოცხლის გახანგრძლივების ალტერნატიული მეთოდი”, ”ანტილეტალური იმუნოგლობულინი”, ”ანტილეტალური ანატოქსინი”,ანტილეტალური იმუნოსორბენტი”, ”სიკვდილის ფაქტორის გამოყოფის მეთოდი”, ”სიკვდილის ფაქტორის სარეგისტრაციო მეთოდები”, ”იმუნური მეხსიერების განსაზღვრის მეთოდი”, ”ენდოგენური ტოქსემიის სარეგისტრაციო მეთოდი”, ”იმუნოსორბციის მეთოდი”, ”მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომის მკურნალობის მეთოდი”, ”ციტოკინური ქარიშხალის ჩაქრობის მეთოდი”, “კრიტიკულ ავადმყოფთა ქვეცნობიერის მართვის მეთოდი” და მრავალი სხვა. ამ თვალსაზრისით ჩემს კოლეგებს მინდა ვურჩიო: შეჰქმნან სხვისი შესასწავლი რამე. და კიდევ ერთი; ხშირად მეკითხებიან _ რა უნდა იცოდეს კრიტიკული მედიცინის ექიმმა ყველაზე უკეთესად და რა საკითხის ცოდნაა ყველაზე მეტად სავალდებულო მისთვის. არის ეს, ერთის მხრივ, სისხლისმიმოქცევის უკმარისობის, სუნთქვის უკმარისობის, ნერვული სისტემის უკმარისობის, ღვიძლის უკმარისობის ან თირკმლების უკმარისობის მკურნალობის პროცესის მართვა. თუ, მეორის მხრივ, მოიცავს ეს ტრაქეოსტომიას, ტრაქეის ინტუბაციას, სისხლმილთა კათეტერიზებას, პლაზმაფერეზის, ჰემოსორბციის ან სხვა რომელიმე ღონისძიების აღსრულებას. თავისთავად ცხადია, ამ შემთხვევაში პასუხი ერთია და ეს ერთი, ყველა ჩამოთვლილის ზედმიწევნით ღრმა ცოდნას გულისხმობს. თუმცა, არა იმიტომ, რომ ეს მე დავიწყე, არამედ იმიტომ, რომ მოვლენათა განვითარება მიემართება აქეთ: კრიტიკული მედიცინის ექიმმა თუ რამე უნდა იცოდეს ყველაზე მეტად _ ეს იმუნოლოგიაა. და ბოლოს, ჩემი 561 მოსწავლიდან მინდა მადლობა გადავუხადო კრიტიკული მედიცინის პროგრამის იმ რეზიდენტებსა და უმცროს ექიმებს, რომლებიც გულმოდგინედ მეხმარებოდნენ ამ წიგნის ცალკეული თავების დამუშავებაში. მათშორის: ზვ.ხელაძეს, ნ.ქაჯაიას, თ.ქაჯაიას, ს.მახარაშვილს, ც,ხარაიშვილს, ე,ქარცივაძეს, კ.მუმლაძეს, ნ.რამიშვილს, ლ.ლობჟანიძეს, მ..ჩიკვაიძეს, მ.დვალიძეს, თ.ჯანელიძეს, ნ.კერვალიშვილს, ლ.ბეგიაშვილს, მ,მიქაძეს, ა.ბოქოლიშვილს, ნ.მურადაშვილს, ხ.ფრუიძეს, ლ.ურუშაძეს, დ.კალანდიას, ს.ბეგიაშვილს და სხვებს.
და კიდევ ერთიც: ეს არის ერთ-ერთი პირველი საქართველოს და სხვა ქვეყნების სინამდვილეში გამოცემულ კრიტიკული მედიცინის სახელმძღვანელოთა შორის. ამის გამო ცალკეული ხარვეზები და უზუსტობები ამ სახელმძღვანელოშიც იქნება გაბნეული. ცხადია, ამ შენიშვნების მითითებებს ყველასგან დიდი მადლიერებით აღვიქვამ მომავალ გამოცემებში გასათვალისწინებლად.

ზურაბ ხელაძე



yvela saavtoro ufleba daculia Ó UDC 616-036.8-08.k-847

| ©2014 | კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი |